პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში იყო უშედეგო მცდელობა, რომ მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის, ახლო კონტაქტი ყოფილიყო.
როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერით განაცხადა, მისი ეს მცდელობა, სამწუხაროდ წარუმატებელი აღმოჩნდა.
"არანაირი პიროვნული დაძაბულობა არ იყო. თქვენ ალბათ გინახავათ კიდეც, როდესაც საზოგადოებაში ვხვდებოდით ერთმანეთს, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ორი წლის განმავლობაში, მცდელობა, რომ ბატონი ირაკლი უფრო ახლო კონტაქტში ყოფილიყო ჩემთან, სამწუხაროდ წაუმატებელი იყო. ირაკლიც, ჩვენი მინისტრთა კაბინეტიც, პარლამენტიც, არაერთი ასეთი მცდელობის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის. მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ყველა პოლიტიკურ ძალას შევხვდი ერთი წლის განმავლობაში, ყველა ინტერეს ჯგუფს. ერთადერთი ჯგუფი, რომელიც დღემდე ჩემთან კონტაქტზე არ გამოდის და არ მიფიქსირებს, რომ საერთო სასაუბრო თემა გვაქვს, სამწუხაროდ „ქართული ოცნებაა“, მათ შორის მინისტრები. სამჯერ მოვითხოვე მთავრობის სხდომაზე მისვლა და არცერთ შემთხვევაში, ეს არ მოხდა. ეს იყო კონსტიტუციური მოთხოვნა, რომლის გაკეთების უფლებაც მაქვს. სამჯერვე პასუხი არ ყოფილა. უშიშროების საბჭოს სხდომები გახდა სასაუბრო - ვინ დაესწრებოდა და ვინ არა და არა ის, თუ რაზე უნდა გვესაუბრა იქ. ეს საბოლოოდ გახდა დაძაბულობის საკითხი. სხვა პიროვნული დაძაბულობა არ ყოფილა“, - განაცხადა მარგველაშვილმა "იმედის" ეთერში.