შსს-ს მომსახურების სააგენტო 1-ელი იანვრიდან შიდა ტრანზიტის განახლებული სანომრე ნიშნების გაცემას იწყებს

შსს-ს მომსახურების სააგენტო 1-ელი იანვრიდან შიდა ტრანზიტის განახლებული სანომრე ნიშნების გაცემას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 2016 წლის 1 იანვრიდან სატრანსპორტო საშუალებებისა და მოტოციკლის შიდა ტრანზიტის განახლებული სანომრე ნიშნების გაცემას იწყებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ, განახლებულ სარეგისტრაციო ნიშანს მარცხენა მხარეს ლურჯი ზოლი გასდევს, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო ქვედა ნაწილში - საქართველოს საერთაშორისო კოდი "GE". სარეგისტრაციო ნიშანზე მარცხნიდან მარჯვნივ, თეთრ ფონზე წითელი ფერით დაიწერება სერია და 4 ციფრიანი ნომერი.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის მიზნით, ახალ შიდა სატრანზიტო სანომრე ნიშანს აქვს ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. განახლებული ტრანზიტული ნომრის სერია სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაიწყება ლათინური ასოებით "GE", ხოლო მოტოციკლისთვის გათვალისწინებულია ერთი ლათინური ასო "G".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური და ვადები არ იცვლება. შიდა ტრანზიტით სარგებლობის საფასური ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის 1 დღეზე კვლავ 1 ლარს შეადგენს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი დიზაინის სახელმწიფო სანომრე ნიშანი მომხმარებელს გასულ წელს შესთავაზა, 2016 წლის 1 იანვრიდან კი ცვლილება შიდა ტრანზიტულ ნიშანს შეეხება", - ნათქვამია განცხადებაში.