საქართველოში გრიპის ვირუსის კუთხით ჯერჯერობით რაღაც განსაკუთრებული პრობლემა არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, 2015-2016 წლების გრიპის სეზონზე 24 დეკემბერის მონაცემებით, გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 15 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მისივე თქმით, გრიპის სეზონი იწყება ოქტომბერში და ის საქართველოში აქტიურდება დეკემბერის ბოლოდან იანვარ-თებერვალში.
"დღევანდელი მონაცემებით, ლაბორატორიული დადასტურებული ბევრი შემთხვევა არ გაქვს - 15 შემთხვევაა დაფიქსირებული", - განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, წელს უფრო მეტი, 10 000 ადამიანი აიცრა სახელმწიფოს ხარჯზე, კერძოდ, მაღალი რისკის მქონენი, როგორებიც არიან მოხუცთა თავშესაფარში მოხუცები, დიაბეტიანი ბავშვები, სამედიცინო პერსონალი და ა.შ.
"ეს აცრები ახლა დამთავრდა. ნებაყოფლობით იცრებიან ადამიანები კერძო სექტორშიც. უკვე თანდათან ეს კულტურა შემოდის, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი დამცავი საშუალება არის პროფილაქტიკური აცრა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჯერჯერობით რაღაც განსაკუთრებული პრობლემა არ ჩანს", - განაცხადა გამყრელიძემ.