კორსიკაზე დემონსტრანტებმა მუსლიმების სალოცავი სახლი დაარბიეს. როგორც "ბიბისი" წერს, რამდენიმე ასეული ადამიანი ქალაქ აიაჩოს ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ერთი დღით ადრე ქალაქის ორ მეხანძრესა და სამართალდამცველს უცნობი მამაკაცები დაესხნენ თავს.
აქციის მონაწილეებმა დაზარალებულებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, რის შემდეგაც გადაინაცვლეს აიაჩოს ერთ-ერთ ღარიბ რაიონში, სადაც თავდასხმა განხორციელდა. როგორც "ფრანს პრესი" იტყობინება, დემონსტრანტები სკანდირებდნენ: "არაბებო გაეთრიეთ" და "ეს ჩვენი სახლია". საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი სალოცავი სახლი დაარბიეს, შემდეგ კი წიგნების, მათ შორის ყურანის დაწვა სცადეს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა თავდასხმას მუსლიმთა სალოცავი ადგილის "მიუღებელი შებილწვა" უწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა კი პირობა დადო, რომ თავდამსხმელებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.