ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობა თვლის, რომ სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხი გაცემულია

ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობა თვლის, რომ სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხი გაცემულია

ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობა თვლის, რომ სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხი გაცემულია.

Presage.tv-ს ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის ინფორმაციით, სვანეთის საგანძური მესტიის მუსიკალური სკოლის დამეწყრილ, ნესტიან და ნაპრალებიან შენობაშია გადატანილი, რომელიც გასული წლის ნოემბერში სახელდახელოდ გაარემონტეს.

ამ საკითხზე "პირWელს" თავად მიქიაშვილი ესაუბრა.

ჟურნალისტს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობისგან აინტერესებს, რომელი ბრძანების საფუძველზე მოხდა სვანეთის საგანძურის ე.წ. კონტეინერებში გადატანა, სად და როდის შეიძინეს ეს კონტეინერები, რომელშიც ეროვნული საგანძური 2011 წლის 28 ივნისიდან 2 დეკემბრამდე იყო დაბინავებული? როდის და ვისი ბრძანებით გარემონტდა ის მუსიკალური სკოლა, სადაც ახლა საგანძურია მოთავსებული? უშუალოდ რომელი სტრუქტურაა პასუხისმგებელი საეკლესიო და სხვა ნივთების მდგომარეობაზე, თუ ისინი  მუზეუმის შენობიდან კონტეინერებში და შემდეგ კონტეინერებიდან მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანისას დაზიანდა?

ამ და სხვა კითხვებით ნინო მიქიაშვილმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ორჯერ, 2011 წლის 30 ნოემბერს და 6 დეკემბერს წერილობით მიმართა, თუმცა სრულყოფილი პასუხები ვერ მიიღო, რის შემდეგაც მიქიაშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტოში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა. მინისტრის მოადგილე გიორგი ყიფიანისგან 23 დეკემბერს ჟურნალისტმა წერილი  მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ საჩივარი სამინისტროდან ეროვნულ მუზეუმს გადაეგზავნა.

ეროვნულმა მუზეუმმა საჩივარი არ განიხილა.

"საჩივარი არ განგვიხილავს, რადგან კულტურის სამინისტროდან გადმოგზავნილი საჩივარი ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყების საფუძველი არ შეიძლებოდა, გამხდარიყო. ამას თავისი პროცედურები გააჩნია - საჩივრით დავით ლორთქიფანიძისთვის უნდა მიგემართათ, რომელმაც შეიძლება, არც იცოდა მისივე დაქვემდებარებაში მყოფი კომუნიკაციების სამსახურის მიერ თქვენს სახელზე გამოგზავნილი წერილის შინაარსი", - განუცხადეს მიქიაშვილს.

უპასუხოდ დატოვებული ადმინისტრაციული საჩივრის შემდეგ ნინო მიქიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14 თებერვალს სარჩელი შეიტანა.

იგი სასამართლოსგან მოითხოვს, ეროვნულ მუზეუმს იმ კითხვებზე სრულყოფილი პასუხების გაცემა დაევალოს, რომლითაც ჟურნალისტმა მუზეუმს გასული წლის 30 ნოემბერს და 6 დეკემბერს მიმართა.

საქმის არსებითი განხილვა 14 მარტს გაიმართა.

სასამართლო სხდომას, რომელიც საათი და ათი წუთი გაგრძელდა, ესწრებოდნენ და მასში მონაწილეობა მიიღეს - მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა, სხდომის მდივანმა, ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელმა ირაკლი შარაბიძემ, მოსარჩელე ნინო მიქიაშვილმა და მისი უფლებების დამცველმა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ.

სხდომის ბოლოს მოსამართლემ განმარტა, რომ საკითხის სირთულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას ადგილზე თათბირით ვერ გამოიტანდა.

სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეტანილ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი 29 მარტს, 10.30 საათზე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ სანამ საგანძურს მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში განლაგებული ე.წ. სპეციალური კონტეინერებიდან  მუსიკალური სკოლის შენობაში გადაიტანდნენ, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ინიციატივით საგანძურის სანახავად და მისი მდგომარეობის შესაფასებლად სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის თავმჯდომარე საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი იყო.

პატრიარქის ინიციატივით შექმნილი კომისიის ერთ-ერთი წევრის, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლალხორის" თავმჯდომარის მირონ ფირცხელანის თქმით, კომისიის წევრებს ე.წ. კონტეინერებში მოთავსებული საგანძურის ნორმალური ნახვის შესაძლებლობა არ მიეცათ.

"ექსპონატებს ქაღალდები ჰქონდა შემოკრული, თუმცა კონკრეტულად რა ჰქონდათ შეფუთული, კომისიის არც ერთ წევრს არ აჩვენეს. ამასთან, ისეთ მცირე დროში, რომელიც საგანძურის დასათვალიერებლად გამოგვიყვეს, მისი ნახვა შეუძლებელი იყო. აღნიშნული კონტეინერები არამდგრადი დანადგარები გახლდათ. თქვეს, რომ იქ კლიმატკონტროლის აპარატი მუშაობდა. თუმცა სვანეთში, განსაკუთრებით კი ყინვასა და სიცივეში ელექტროენერგიის მიწოდება იზღუდება, რაც კლიმატკონტროლის აპარატის მუშაობის შეფერხებას, ბუნებრივია, რომ გამოიწვევდა. ასევე ე.წ. კონტეინერებზე სავენტილაციო ხვრელები კუსტარულად იყო გაკეთებული, რომლიდანაც იქვე მომუშავე ტრაილერების, ტრაქტორების გამონაბოლქვი საგანძურამდე აღწევდა", - განაცხადა  "პირWელთან" საუბრისას მირონ ფირცხელანმა გასული წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც კომისია მესტიიდან დაბრუნდა.

კომისიის წევრების განცხადებების საპასუხოდ გასულის წლის ნოემბერში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ კომენტარი გააკეთა.

"სვანეთის საგანძური არ ფუჭდება, ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და ასეთი შედეგი წარმოუდგენელია იმიტომ, რომ ის დაცულ ადგილასაა. სხვათა შორის, ადგილობრივი მოსახლოების დაჟინებული თხოვნით, მათი შენახვა იმავე ტერიტორიაზე განხორციელდა, სადაც მუზეუმი იყო. ამ წუთას საგანძური სადაც არის, იქ არაფერი ზიანდება, - ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რადგან ყველა სპეციალისტი მიდასტურებს. მუზეუმი აშენდება, მისი მშენებლობა დაახლოებით ზაფხულში დასრულდება. მანამდე კი 24-25 ნოემბერს დროებითი საცავის რემონტი დასრულდება", - განაცხადა რურუამ.

ეს დროებითი საცავი კი, ნინო მიქიაშვილის ინფორმაციით, მუსიკალური სკოლაა, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს და მასში საგანძური 2 დეკემბერს გადაიტანეს.

ცნობისთვის, სვანეთის საგანძური 200 ფერწერულ და ჭედურ ხატს, 200 000-ზე მეტი არქეოლოგიურ ექსპონატს და ეთნოგრაფიის უნიკალურ ნიმუშებს მოიცავს.

"თუ მართლაც ყველაფერი კარგადაა, მაშინ, კეთილი ინებონ და მიპასუხონ კითხვებზე, რომლითაც ეროვნულ მუზეუმს მივმართე. ვნახოთ, როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე. თუ პასუხი არადამაკმაყოფილებელი იქნა, სააპელაციო სასამართლოს მივმართავთ", - აცხადებს ნინო მიქიაშვილი.