გიორგი კვირიკაშვილს კონსულტაციები უნდა ჰქონდეს ირაკლი ღარიბაშვილთან და პირველ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან

გიორგი კვირიკაშვილს კონსულტაციები უნდა ჰქონდეს ირაკლი ღარიბაშვილთან და პირველ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ მომავალ პრემიერს ყველა საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ჰქონდეს კონსულტაციები პირველ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან.

"რაც არ უნდა წარმატებული ყოფილიყო პირველი პრემიერ-მინისტრის საქმიანობა, მეორე პრემიერ-მინისტრის საქმიანობა, 2016 წლის ფინიშის სწორზე ახალი ენერგიაა საჭირო. რაც შეეხება კაბინეტის ცვლილებებს, ვფიქრობ, სპეკულაცია იქნება პოლიტიკოსების მხრიდან წინასწარი განცხადებების გაკეთება, ვინაიდან ეს პრეროგატივა აბსოლუტურად ეკუთვნის გიორგი კვირიკაშვილს და იგი უნდა იყოს პირველი, ვინც ამ თემაზე განაცხადებს. მე დარწმუნებული ვარ, მას უნდა ჰქონდეს ყოველმხრივი და ღრმა კონსულტაციები ირაკლი ღარიბაშვილთან, და არამარტო ამ კონკრეტულ მომენტში, და აუცილებლად უნდა ჰქონდეს კონსულტაციები პირველ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან ყველა საკითხთან დაკავშირებით. საერთოდ, ურთიერთკონსულტაციების ტრადიცია უნდა დავამკვიდროთ და გაცილებით უფრო გამჭვირვალე უნდა გავხადოთ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და დასძინა, რომ წესიერ ადამიანთან რომ გვქონდეს საქმე, არც ყოფილ პრეზიდენტთან კონსულტაციები და მისი აზრის გათვალისწინება იქნებოდა გამორიცხული.

კითხვაზე, აქამდე მიმდინარეობდა თუ არა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან, გიორგი ვოლსკიმ უპასუხა, "რა საკვირველია".

"გამოვრიცხავ იმას, რომ კონსულტაციები არ ჰქონოდათ ბიძინა ივანიშვილთან. მე ვიცოდი ირაკლის გადაწყვეტილების თაობაზე, ცოტა უფრო გვიან ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას. ის სამწლიანი საქმიანობა, რაც წარმოგვიდგინა, ვფიქრობ, ძალიან წარმატებულია. ამასთან ერთად, უამრავი პრობლემა დაგროვდა და ვფიქრობ, ეს ესტაფეტა წარმატებით გაგრძელდება და ეკონომიკური ჯგუფის საქმიანობა გაცილებით გაძლირდება", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან მთავარი შეტევა ბიძინა ივანიშვილზე მიმდინარეობს.

"იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ ვიღაცამ თქვა, რომ ვერტმფრენებიც კი არ გამოიყენა თურმე ადამიანების გადასარჩენად; უფრო მეტიც, ბავშვობით უკანონო ვაჭრობაში არის ჩართული და ა.შ. - ეს არის ის თემები, რომლებიც ოპონენტებისთვის გადარჩენის მთავარ ხავსს წარმოადგენს იმ მხრივ, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ადამიანის, რომელმაც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის ფეხზე დადგომაში. ვფიქრობ, მისი მონაწილეობა - კონსულტაციები იქნება ეს თუ აზრის კითხვა - აუცილებელი და საჭირო იქნება, თუმცა არასდროს - არც პრემიერ-მინისტრობის, არც არჩევნების დროს და მით უმეტეს მას შემდეგ, მე არ მქონია მინიშნებაც კი, რომ ის რაღაცას ერთპიროვნულად წყვეტს ან ერთპიროვნულ მოსაზრებებს ახვევს ვინმეს თავს. ეს გამორიცხულია და აბსოლუტურად შეუსაბამოა ივანიშვილის პიროვნულ ხასიათთან, მის დამოკიდებულებასთან საქმესთან", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილი, კანონის ფარგლებში, აქტიურად დაუჭერს მხარს "ქართულ ოცნებას".