საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 38 წლისთავს ულოცავს.
პრეზიდენტი ილია მეორეს დღეგრძელობას უსურვებს.
"თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 38 წლისთავს. უკვე არაერთი ათწლეულია ხელთ გიპყრიათ ქვეყნის სულიერი ცხოვრების საჭე და ბრძენ მეგზურს წარმოადგენთ ყველა ჩვენგანისათვის. ამ შესანიშნავ დღეს ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებსაც. შინაგანი სიმშვიდე, პიროვნული სრულქმნა, თანამოძმეთა სიყვარული, ქვეყნისათვის მსახურება - ფასეულობები, რომელთაც თქვენი ცხოვრებით ამკვიდრებთ, უნივერსალურია. ამიტომ თქვენი ღვაწლი ყველა ჩვენგანის საკუთრებაა. გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანმრთელ ცხოვრებას იმ დიდი მისიის აღსასრულებლად, რასაც ერის სულიერი მოძღვრობა გაკისრებთ", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.