ამერიკული საზღვაო ქვეითები ქართველებთან ერთობლივ წრთვნებს მართავენ, რასაც რუსეთი „პოვოკაციას“ უწოდებს

ამერიკული საზღვაო ქვეითები ქართველებთან ერთობლივ წრთვნებს მართავენ, რასაც რუსეთი „პოვოკაციას“ უწოდებს

ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა საქართველოსთან ერთობლივი წრთვნები გამართეს, რაც, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, სკანდალის ხასიათს იძენს: რუსეთი წრთვნებს „პროვოკაციას“ უწოდებს.

ცხრადღიან სამხედრო სწავლებებში, რომელიც ოთხშაბათს დასრულდა, აშშ-ს 350 საზღვაო ქვეითი ჯარისკაცი და 400 ქართველი სამხედრო მონაწილეობდა. აშშ-ს კონტიგენტს რუმინეთში დისლოცირებული შავი ზღვის როტაციული ძალების დანაყოფი წარმოადგენდა. წრთვნების მიზანი საქართველოს საზღვაო ძალებთან სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცება და ქართული კონტიგენტის ავღანეთისთვის მომზადება იყო. ფრაგმენტი აშშ-ს სამხედრო ქვეითი კორპუსის პრეს-რელიზიდან:

„მსგავსი ამოცანების შესრულებას ჩვენ ოდნავ განსხვავებულად ვუდგებით, მაგრამ ყველა ჩვენგანი სწავლობს და გამოცდილებას იძენს, ასე რომ მსგავსი ერთობლივი წრთვნები ცალსახად სასარგებლოა“, – განაცხადა მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის 26 წლის სერჟანტმა ბესიკ გაბეშვილმა. „მე ქვეითებთან მსგავს წრთვნებში უკვე მესამედ ვმონაწილეობ და ეს ჩვენ ყველას გვახარებს, რადგან გამოცდილება, რომელსაც ვიძენთ გვეხმარება იმაში, რომ მომავალში ერთობლივი საქმიანობისთვის მოვემზადოთ“.

წრთვნების მეოთხე დღეს საზღვაო ქვეითებმა და ქართველმა ჯარისკაცებმა სროლის სწავლებებში შეისვენეს, იარაღის და აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურების, ჰიგიენის ასპექტებით დაკავდნენ და წრთვნების მეორე ნაწილისთვის დაიწყეს მზადება. შემდეგი სამი დღე მათ ძებნის და დაცვის უნარების, ასევე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის მეთოდების შემუშავებას და საზღვაო ქვეითი კურპუსის პროგრამით Marine Corps Martial Arts Program მუშაობას მიუძღვნეს“.

ერთი შეხედვით უწყინარი ინფორმაციაა, მაგრამ არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისთვის (ციტატა Civil.ge-ს სტატიიდან):

„მე შევხვდი [აშშ-ს სახელმწიფო მდივანს] ჰილარი კლინტონს (ნიუ-ორკში 12 მარტს), მის წინაშე დავაყენე მეორე სერიოზული საკითხი: დაიწყო და მიმდინარეობს აშშ-ს და საქართველოს სამხედრო წრთვნები“, განაცხადა ლავროვმა, „წრთვნების არსი – აჯანყების ჩახშობაა. ეს ყველაფერი ცოტა პროვოკაციულად გამოიყურება“.

რუსეთის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა გესლიანად აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზვიადებს იანვარში პრეზიდენტ ობამასთან მისი შეხვედრის მნიშვნელობას. ამ შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხედრო ურთიერთობა ამ ორ სახელმწიფოს შორის „ახალ საფეხურზე“ გადავიდა:

„ის (სააკაშვილი) არც თუ დიდი ხნის წინ (იანვრის ბოლოს) ვაშინგტონში იყო, ობამასთან მოლაპარაკების შემდეგ გამოვიდა და თქვა, რომ აშშ სრულად აღადგენს ჩვენთან (საქართველოსთან) სამხედრო თანამშრომლობას და ნატოში სვლის პროცესს. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ამერიკელებთან და აღმოჩნდა, რომ (სააკაშვილს) გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს იმაზე, რაც მოისმინა (პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრაზე)“, – განაცხადა ლავროვმა.

სააკაშვილმა კი კვირას წრთვნების ჩატარების ადგილი მოინახულა და განაცხადა:

„შეიარაღებული ძალების მომზადების თვალსაზრისით ბოლო წლებში ჩვენ სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ სერიოზულ წინსვლას მივაღწიეთ თავდაცვითი ინფრასტრუქტურის განმტკიცების მხრივ“.

„ჩვენ გვექნება ტერიტორიული თავდაცვის ძალიან კარგი სისტემა, მაქსიმალურად მიახლოებული ისეთ სისტემასთან, როგორიც შვეიცარელებს, შვედებს აქვთ; ერთი სიტყვით, ჩვენ ევროპული გამოცდილების საუკეთესო მაგალითებს გავიზიარებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ გავითვალისწინეთ წინა წლების მწარე გამოცდილება, ამიტომ, ყოველგვარი ხმაურის, ტრაბახის და „პიარის“ გარეშე განვაგრძობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებას“, – დასძინა მან.

და მართლაც, ვინ დაიჯერებს იმას, რომ საქართველო „პიარით“ არის დაინტერესებული? დაივიწყეთ!

წრთვნები შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული კიდევ ერთი სკანდალის ფონზე მიმდინარეობდა, კერძოდ ოპოზიციონერი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერმა განაცხადა, რომ სააკაშვილი შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის იმისთვის, რომ ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს მიუქსიოს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მსგავსს ბრალდებებს „სულელეური ბოდვა“ უწოდა და საქმეში აშშ-ს ელჩი ჯონ ბასიც კი ჩაერთო, აღნიშნა რა, რომ მსგავსი განცხადებები, რომელიც ფაქტებით გამყარებული არ არის, „შემაშფოთებელია“.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია RT-მა, რომელიც ჩვეულებრივ უმალ იწყებს შეთქმულების თეორიების შეთხზვას აშშ-ს და სააკაშვილის მონაწილეობით, ამჯერად ეს ორი მოვლენა ერთმანეთს არ დაუკავშირა. არადა ხომ სულაც არ არის რთული იმის ვარაუდი, რომ სააკაშვილი აშშ-სგან სამხედრო გარანტიების მიღება სურს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს? გინდათ ფსონები დავდოთ იმაზე, რომ ადრე თუ გვიან კრემლი მსგავსს განცხადებას გააკეთებს?
foreignpress.ge