დიდებას და მადლობას რომ შესწირავთ, შემდეგ შეგიძლიათ სთხოვოთ უფალს და ის შეისმენს

დიდებას და მადლობას რომ შესწირავთ, შემდეგ შეგიძლიათ სთხოვოთ უფალს და ის შეისმენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდნესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებისას ლოცვის შესახებ ესაუბრა.

"ხშირ შემთხვევაში ადამიანი ითხოვს ღვთისგან დახმარებას. ეს ბუნებრივია, გასაგებია, რადგან ყოველი ადამიანი გაჭირვებულია ამა თუ იმ საქმეში, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უფალს დიდება უნდა შესწიროს, ადიდოს, შემდეგ კი მადლობა შესწიროს. დიდებას და მადლობას რომ შესწირავთ, შეგიძლიათ სთხოვოთ და უფალი შეისმენს. სახარებაში უფალი ამბობს: ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ამის დასტურად დღეს წაკითხული სახარება დაიმოწმა მაცხოვრის მიერ ათი კეთროვანი ადამიანის განკურნების შესახებ, რომლის თანახმადაც, განკურნებულთაგან მადლობა ღმერთს მხოლოდ ერთმა - სამარიტელმა გადაუხადა.

ილია მეორის თქმით, ადამიანი ხშირად ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე იმ დროს, როდესაც გარშემო მას ახვევია უამრავი გაჭირვებული, მძიმე ავადმყოფი.

პატრიარქმა მრევლს სთხოვა, პირად ლოცვებში მოიხსენიონ ახლად გარდაცვლილი მონაზონი თამარი, ერში ეთერ უროტაძე, რომელიც მისი თქმით, ხშირად აწყობდა გამოფენებს სამების ახალგაზრდულ ცენტრში.

პატრიარქმა დღევანდელი ქადაგების შემდეგ ჯალაბაძეების გვარი დალოცა. უწმინდესმა მღვდელი დავით აფციაური დეკანოზის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.