"ახალი ევროპა": საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება შესაძლოა განსაკუთრებით გამაღიზიანებელი გახდეს მოსკოვისთვის

ევროპარლამენტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ევროპული გამოცემა "ახალი ევროპა", ბრიუსელში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის დადებითი გადაწყვეტილების მიუხედავად, შესაძლოა შეიქმნას სირთულეები ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში.

"ეს გადაწყვეტილება შესაძლოა განსაკუთრებით გამაღიზიანებელი გახდეს მოსკოვისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფას, ბიზნესმენებისთვის მაინც, თუმცა ეს ძალისხმევა უკრაინულ კრიზისს ემსხვერპლა", -წერს გამოცემა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა რუსეთთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებები გასული წლის დასაწყისში შეაჩერა და მოგვიანებით, რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ამის მიზეზი კი "მოსკოვის როლი უკრაინის კონფლიქტში" გახდა.