მალე საქართველოში შემოვა კიდევ ერთი უახლესი თაობის პრეპარატი - "ჰარვონი", რომლის გამოყენებაც უფრო ეფექტიანს გახდის C ჰეპატიტის მკურნალობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, აღნიშნული პრეპარატით ერთი პაციენიტის მკურნალობა 80–100 ათასი აშშ დოლარი ჯდება, თუმცა სახელმწიფო კომპანია "გილეადის" დახმარებით სრულიად უფასოდ უმკურნალებს მოქალაქეებს.
"წელს, აპრილში ჩვენ დავიწყეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. გადაწყვეტილი იყო, რომ პროექტის პირველ ეტაპზე უნდა გვემკურნალა C ჰეპატიტით დაავადებული 5000-მდე პაციენტისათვის. შედეგების შეჯამების შემდეგ კი, დაიწყებოდა მეორე ეტაპი. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ პირველმა ეტაპმა იმდენად წარმატებით ჩაიარა, რომ მომავალი წლის დასაწყისში ამერიკელ პარტნიორებთან ახალი ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ჩვენ C ჰეპატიტის პროგრამის უწყვეტად გაგრძელების გადაწყვეტილების შესახებ შეგვიძლია გაცნობოთ. პირველივე ეტაპზე პროექტმა დაიმსახურა მაღალი შეფასება რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობის პროექტი შეაფასა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო.
"ჩვენი ამერიკელი პარტნიორების სიტყვები რომ მოვიშველიო, ,,საქართველო გახდა მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს გლობალური მიდგომა ამ ვირუსთან მიმართებით". დღეს, გვინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - მალე საქართველოში შემოვა კიდევ ერთი უახლესი თაობის პრეპარატი - "ჰარვონი", რომლის გამოყენებაც უფრო ეფექტიანს გახდის მკურნალობას და მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდება. აღნიშნული პრეპარატით ერთი პაციენიტის მკურნალობა 80–100 ათასი აშშ დოლარი ჯდება და ჩვენ კომპანია "გილეადის" დახმარებით სრულიად უფასოდ ვმკურნალობთ მათ. სასიხარულოა, რომ პროგრამაში ჩართული პაციენტები, რომელთაც მკურნალობის სრული კურსი გაიარეს, განიკურნენ. 3 თვის შემდეგ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ უჩვენა, რომ მათმა სრულმა უმრავლესობამ უკვე დაამარცხა C ჰეპატიტის ვირუსი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო დავით სერგეენკოს, რომლის თაოსნობით გახდა შესაძლებელი პროგრამის განხორციელება", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ქართული, ისე ამერიკული მხრიდან, ვისთან ერთადაც დაიწყო და განხორციელდა უპრეცედენტო პროგრამა.
"მადლობა მინდა ვუთხრა ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს, ექიმებს, რომელთა დახმარების გარეშეც შეუძლებელი გახდებოდა ისეთ სერიოზულ პრობლემასთან გამკლავება, როგორიცაა C ჰეპატიტი. საქართველომ ეს შეძლო! ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა ჩვენთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.