დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სულ რამდენიმე ასეთი გამარჯვება გვქონდა, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული პოზიტიური დასკვნა.
როგორც თეა წულუკიანმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკაში" სტუმრობის დროს აღნიშნა, უვიზო მიმოსვლით საქართველოს ყველა ის მოქალაქე ისარგებლებს, რომელსაც აქვს ბიომეტრიული პასპორტი, ვიზალიბერალიზაცია კი საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში ცხოვრების უფლებას არ ანიჭებს.
თეა წულუკიანის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ბევრი რეფორმის განხორციელება მოუწია, მათ შორის ისეთი რეფორმების, რომელიც საზოგადოების მხრიდან დადებითად არ იყო აღქმული, მაგრამ განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყანას დადებითი შედეგი მოუტანა.
"გილოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ დიდ გამარჯვებას. ჩვენ რაც დამოუკიდებლები გავხდით, მას შემდეგ სულ რამდენიმე ასეთი გამარჯვება გვქონია. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ ამისთვის. დასკვნა არა მხოლოდ დადებითია, არამედ დასკვნის ბოლოს არის ევროკომისიის შეთავაზება ევროკავშირის საბჭოსთვის, რომ წევრ ქვეყნებს მისცენ საკანონმდებლო ცვლილებების რეკომენდაცები, რათა მათ მიიღონ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები და გახსნან საზღვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი შრომა დაფასდა და მივიღეთ ის, რომ დასკვნაც დადებითია და არსებობს მასთან ერთად ეს მითითებაც", - განაცხადა თეა წულუკიანმა.