"ეს არის არაჩვეულებრივი შესრულება, რომელმაც არაჩვეულებრივ წარმატებამდე მიგვიყვანა"

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველომ წარმატებით შეასრულა და გაატარა ყველა ზომა და რეფორმა, რაც ვიზალიბერალიზაციისთვის იყო საჭირო.

როგორც ჰერმანმა განაცხადა, აღნიშნული წარმატება დიდ სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს. აქვე მან, მიღწეული შედეგი საქართველოს მოსახლეობას და ამ პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტს მიულოცა.

„საქართველომ უკანასკნელ 6 თვეში შეასრულა და გაატარა ყველა საჭირო რეფორმა, რათა უზრუნველეყო ყველა ნორმა, რომელიც მე-3 ანგარიშშია აღნიშნული, ასევე გაატარა სხვადასხვა პოლიტიკის ჩარჩოები, პროცედურული საკითხები ამ ოთხივე ბლოკში, რომელიც ევროპის და საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერდება. ასე რომ, ევროპის კომისია განიხილავს იმას, რომ საქართველო შეესაბამება ყველა იმ ზღვარს, რომელიც დაწესებულია სამოქმედო გეგმით. საქართველომ მიაღწია პროგრესს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ყველა ამ სფეროში და ეს იყო საკმაოდ ეფექტური", - განაცხადა ჰერმანმა.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმების გატარება-შესრულების პროცესში ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი, სამოქალაქო საზოგადოებამ და სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმაც მიიღეს.

"საქართველოს მთავრობის და ასევე შესაბამისი ინსტიტუტების მონდომება არის ხაზგასასმელი, ისევე როგორც პოლიტიკური ძალების და სამოქალაქო საზოგადოებისა. ჩემი აზრით, ვიზალიბერალიზაციის ყველა ძირითადი პრინციპის შესრულება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ნება მიბოძეთ განვაცხადო, ეს არის არაჩვეულებრივი შესრულება, რომელმაც არაჩვეულებრივ წარმატებამდე მიგვიყვანა, რაც დიდ სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს. ამ მნიშვნელოვან დროს, ნება მიბოძეთ მოგილოცოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მიღწევის მიღებაში“, - აღნიშნა ჰერმანმა.