პოცედურების დასრულებისთანავე საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ შესვლას შეძლებენ

პოცედურების დასრულებისთანავე საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ შესვლას შეძლებენ

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დასრულდა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთთანამშრომლობის გათვალისწინებით ევროკომისია 2016 წლის დასაწყისში წარმოადგენს ოფიციალურ წინადადებას ევროკავშირის 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.

"დღეს, 18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ოთხივე ბლოკით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, რაც ნიშნავს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დასრულდა. ვულოცავთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ამ წარმატებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი უდიდესი ძალისხმევისა და უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელების შედეგია და მადლობას ვუხდით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში ჩართულ ყველა უწყებას. ევროკომისიის ანგარიშის საფუძველზე, დადგენილი პროცედურების დასრულებისთანავე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილებას. კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთთანამშრომლობის გათვალისწინებით ევროკომისია 2016 წლის დასაწყისში წარმოადგენს ოფიციალურ წინადადებას ევროკავშირის 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება", - ნათქვამია განცხადებაში

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკომისია ადასტურებს, რომ საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში საქართველოში ყოვლისმომცველი და რთული რეფორმები განხორციელდა, მათ შორის კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და მართლმსაჯულების რეფორმის თვალსაზრისით.

"გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ VLAP-ის მოთხოვნების მიღმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმირების მიმართულებით. ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები VLAP-ით განსაზღვრულ ყველა სფეროში მდგრადი და ეფექტურია. ეს ადასტურებს საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მუდმივ ძალისხმევას, რომელთაც VLAP-ის მოთხოვნების შესრულება უპირველეს ეროვნულ პრიორიტეტად აქციეს. ევროკომისიის შეფასებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მ.წ. 8 მაისის უკანასკნელი ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და განახორციელა ყველა რეფორმა დარჩენილი მოთხოვნების ეფექტური და მდგრადი იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩო, ორგანიზაციული პრინციპები და პროცედურები ოთხი ბლოკით განსაზღვრულ სფეროებში შეესაბამება ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებს", - ნათქვამაი განცხადებაში.

საგარეო უწყება იმ რეფორმებზე საუბრობს, რომელშიც საქართველომ წარმატებას მიაღწია.

"VLAP-ის თანახმად საქართველოში განხორციელდა მთელი რიგი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმები შემდეგ სფეროებში: დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, მიგრაციის მართვა, თავშესაფრის პოლიტიკა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (ორგანიზებული დანაშაულის კორუფციის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, სამართლებრივი თანამშრომლობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა უმცირესობათა ჩათვლით. სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელებული რეფორმებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნა და მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია. მიგრაციის რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიღება და ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება და მისი იმპლემენტაცია. ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და იმპლემენტაცია. საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღება, რომელიც საჯარო სამსახურის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს ამკვიდრებს. შრომის ინსპექციის დეპარტამენტის შექმნა. ნარკოტიკების ფლობისა და გასაღებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნა. საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემატური კონტროლის მექანიზმის შემოღება და სხვა. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, ჯამში მიღებულ იქნა 60-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება და 70-მდე კანონქვემდებარე აქტი, ინსტრუქცია, რეგულაცია, 9 ეროვნული სტრატეგია და რატიფიცირება გაუკეთდა 7 საერთაშორისო კონვენციას. გარდა ამისა, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, დაინერგა ახალი სერვისები, შემუშავდა მექანიზმები, გააქტიურდა საინფორმაციო კამპანიები VLAP-ით განსაზღვრული მიმართულებებით. VLAP-ის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელდა ევროკავშირის 22 შემფასებელი მისია VLAP-ით განსაზღვრული 13 მიმართულებით და გამოქვეყნდა ევროკომისიის 4 ანგარიში", - აღნიშნულია განცახდებაში

საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველომ ამ უმნიშვნელოვანეს პროგრესს უმოკლეს პერიოდში მიაღწია.

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ VLAP-ის მეორე ფაზის შესრულების ეტაპზე საქართველო ოფიციალურად მხოლოდ 2014 წლის ნოემბერში იქნა გადაყვანილი.ევროკომისიის დღევანდელი ანგარიში და საქართველოს მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევის ამგვარი შეფასება ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.