ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის რეგულაციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით საკნონმდებლო წინადადების წარდგენა 2016 წლის დასაწყისში მოხდება.
როგორც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასკვნაშია აღნიშნული, ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმატებით შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება.
2012 წლის ივნისში უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველო-ევროკავშირის დიალოგის დაწყებისა და 2013 წლის თებერვალში, საქართველოს ხელისუფლებისთვის „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ წარდგენის შემდეგ, კომისია რეგულარულად ატყობინებს ევროპის პარლამენტს და საბჭოს იმ პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველომ სამოქმედო გეგმის პირველი და მეორე ეტაპების ოთხი ბლოკით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესრულებისას მიაღწია.
კომისიამ, ასევე გააგრძელა სამოქმედო გეგმის შესაბამის სფეროებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის მონიტორინგი, მაღალი რანგის პირთა შეხვედრით საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგთან დაკავშირებით; საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების ერთობლივი კომიტეტის; საქართველო-ევროკავშირის რეადმისიის ერთობლივი კომიტეტის; საქართველო-ევროკავშირის მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის; საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრით პარტნიორობა მობილურობისათვის და საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მეშვეობით ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე.
თითოეულ ამ კომიტეტებსა და დიალოგში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა რეგულარულად მიმოიხილება.
2015 წლის 13 ოქტომბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით ბრიუსელში გამართულ სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რედმისიის შესახებ ერთობლივი კომიტეტების ბოლო შეხვედრაზე, კომისიამ აღნიშნა, რომ ორი შეთანხმება სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით, საქართველომ გადადგა შემდგომი ნაბიჯები სასამართლო სისტემისა და ასევე პროკურატურის რეფორმირების სფეროში.
მომდევნო აქტივობები დაგეგმილია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამდე და მის შემდეგ მოცემულ პერიოდში "2014-2017 წლების ევროკავშირში ინტეგრაციის საკომუნიკაციო სტრატეგიისა" და "2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის" მიხედვით.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გახორციელებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის სამი ანგარიში უკვე წარდგენილია.
მესამე ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველო სრულად აკმაყოფლილებს სამოქმედო გეგმის ოთხ ბლოკში მოცემულ ყველა კრიტერიუმს.
"კომისიას მიაჩნია, რომ საქართველომ უკვე მიაღწია საჭირო პროგრესს და გაატარა სამოქმედო გეგმით მოთხოვნილი ყველა რეფორმა, რათა უზრუნველყოს დარჩენილი კრიტერიუმების ეფექტური და მდგრადი განხორციელება. პროგრესის შესახებ მესამე ანგარიშში განსაზღვრული ყველა ზომა მიღებულია. საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩო, ინსტიტუციური და ორგანიზაციული პრინციპები და ოთხივე ბლოკში მოცემული პროცედურების შესრულება შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
ამ შეფასებაზე დაყრდნობით და ასევე, 2012 წლის ივნისში უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველო-ევროკავშირის დიალოგის დაწყებიდან მოყოლებული, რეგულარული მონიტორინგისა და ანგარიშების წარდგენიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის ოთხივე ბლოკით დადგენილ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ყოვლისმომცველი ურთიერთობების გათვალსიწინებით, 2016 წლის დასაწყისში, კომისია წარადგენს საკანონმდებლო წინადადებას ევროკომისიის რეგულაციაში (No 539/2001) ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით", - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
ევროკომისია გააგრძელებს აქტიურ მონიტორინგს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხი ბლოკით დადგენილი ყველა კრიტერიუმის უწყვეტად განხორციელებასთან დაკავშირებით, შესაბამისი სტრუქტურებისა და დიალოგის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური მექანიზმების მეშვეობით.