"ევროკავშირმა ფაქტობრივად აღიარა ჩვენი განუხრელი ერთგულება ევროპული ფასეულობებისადმი"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს წინსვლა ევროპული თანამეგობრობისკენ სწრაფვის გზაზე ის თანმიმდევრული ძალისხმევაა, რაც ხელისუფლებამ გასწია.

პრემიერის თქმით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერია.

"ევროკავშირმა ფაქტობრივად აღიარა ჩვენი განუხრელი ერთგულება ევროპული ფასეულობებისადმი, საქართველოს წინსვლა ევროპული თანამეგობრობისკენ სწრაფვის გზაზე ის თანმიმდევრული ძალისხმევა, რაც ხელისუფლებამ გასწია რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განსახორციელებლად. ამ შრომამ ევროპელი კოლეგების მაღალი შეფასება დაიმსახურა. საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერია. პასუხად ევროპა ამბობს, რომ ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის. დღეს ჩვენ თანამედროვეთა და მრავალი თაობის ოცნება ახდა. მიუხედავად მრავალი შიდა თუ გარე წინააღმდეგობისა, ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით - შედეგი მიღწეულია", - განაცხადა ღარიბაშვილმა

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ისტორიული გადაწყვეტილებით ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი იწყება და საქართველოს წინაშე სრულიად ახალი შესაძლებლობები ისახება.

"ევროპელებთან ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ყველა დონეზე ურთიერთობათა გაღრმავება, ქალაქების დაძმობილება, სტუდენტური და სამოქალაქო გაცვლითი  პროგრამები, ევროპის ასოციაციებში გაწევრიანება, თავისუფალი ვაჭრობა - სულ მალე ეს ყველაფერი სრულიად ახალ, უფრო ღრმა და შინაარსიან განზომილებას შეიძენს.ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში ნახევარი წლის განმავლობაში  90 დღის მანძილზე უვიზოდ შესვლას. შეგეძლებათ ევროპაში იმოგზაუროთ ოჯახთან ერთად, დაგეგმოთ საქმიანი ვიზიტი,  ეწვიოთ მეგობრებს, ნათესავებს, ჩაერთოთ საზაფხულო სკოლებში, მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციებსა თუ გამოფენებში", - აღნიშნა პრემიერმა

მთავრობის მეთაურმა თითოეულ ადამიანს, ვინც აღნიშნულ პროცესში იყო ჩართული მადლობა გადაუხადა.

"ევროპასა და საქართველოს შორის შთამბეჭდავი თანამშრომლობის ამ მაგალითის უკან დგას მრავალი ადამიანის ძალისხმევა, ჩვენი ქვეყნის ყველა საჯარო სტრუქტურის პროფესიონალიზმი. ასევე, უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც ევროპელი პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან წლების განმავლობაში ვიღებთ. ჩვენ ეს გზა ერთად გავიარეთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თავი არ დაზოგა, რომ ეს მიზანი -  რეალობად ქცეულიყო", - განაცხადა პრემიერმა.