პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ევროკომისიის დადებითი დასკვნა, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მიულოცა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კომისიამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები.
"დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თითოეული მოქალაქისთვის ისტორიული დღეა. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენ მომავალს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიან ოჯახში. სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ყველა ასე მოუთმენლად ველოდით. კომისიამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა რეფორმა სრულყოფილად განხორციელდა. ეს არის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე. წარმატებული რეფორმების შედეგად ჩვენ უკვე მივაღწიეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ამის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასება ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე თავისუფალი, ძლიერი და ერთიანი საქართველოს შენების ურყევ საფუძველს კიდევ უფრო განამტკიცებს. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მომდევნო წლიდან საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები ხვალვე აიღებენ ბილეთებს და ევროპაში უვიზოდ გაემგზავრებიან. საბოლოო გადაწყვეტილებამდე გასავლელია ეტაპები, რაც სხვა ქვეყნების გამოცდილებით, რამდენიმე თვეს მოიცავს. თუმცა, დღეს ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.