დავით უსუფაშვილი:   დღეს უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე გუშინ ვიყავით

დავით უსუფაშვილი: დღეს უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე გუშინ ვიყავით

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნის სანუკვარი ოცნების ახდენაა.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკომისიის მიერ პოზიტიური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.

"საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ. ეს ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვებაა. ეს არის საქართველოს დიდი აღიარება და ჩვენი სანუკვარი ოცნების სერიოზული ნაწილის ახდენა. დღეს უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე ვიყავით გუშინ. ჩვენ ყოველთვის ასე ვფიქრობდით, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროპაც ასე ფიქრობს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის განმარტებით, სულ რამდენიმე თვე დარჩა იმ ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად, როდესაც საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი აღარ იარსებებს.

"ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება დღევანდელი მთავრობის, გუშინწინდელი ხელისუფლების, თითოეული ჩვენთაგანის, ამიტომ თითოეულ მოქალაქეს და პოლიტიკოსს ვულოცავ მიუხედავად იმისა, გუშინ და გუშინწინ სხვა თემებზე ვინ რას ფიქრობდა და როგორ ვფიქრობთ. ამ მიღწევას სათანადო გამოყენება სჭირდება იმიტომ, რომ ევროპასათან და საქართველოს შორის საზღვრების გაუქმება არის არა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლება, ეს არის მნიშვნელოვანი სიმბოლური მოვლენაც. ამის შემდეგ ჩვენ გაცილებით უფრო მეტად უნდა ვიტვირთოთ ის პასუხისმგებლობა, რაც ევროპას აკისრია. ჩვენ ერთად უნდა ვუზრუნველყოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოება. ასე, რომ დღევანდელი დღე არის ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, 2016 წელი "ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით" იქნება ხაზგასმული ჩვენს ცხოვრებაში.

"ამასთანავე, ვისაც ვიზები გაქვთ პასპორტებში, გირჩევთ არ ამოიხოთ, იმიტომ, რომ რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდება ამ საკითხების ბოლომდე მიყვანას. მაგრამ 2016 წელი ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება ხაზგასმული ჩვენს ცხოვრებაში. გისურვებთ ყველას მეტ წარმატებას ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.