ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილის აზრით, მაჟორიტართა არჩევის 50%-იანი ბარიერის შემოღება "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში არ შედის.
როგორც ბერძენიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ბარიერის 50%-მდე აწევას ბევრი მეორე ტური მოჰყვება, აქ კი "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდება.
"რა მოვახერხეთ ჩვენ - მერები და გამგებლები პირდაპირი გზით – 50%-ით ირჩევიან. თვითმმართველობის შემდეგ გაუმჯობესებისკენ მორიგი ნაბიჯი გადავდგით - შემოგვაქვს მაჟორიტართა არჩევის 50%-იანი ბარიერი. ძალიან ბევრი მეორე ტური იქნება. ასეთ ვითარებაში, ნებისმიერ კანდიდატს – პირველ ან მეორე ტურში არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობის ხმები დასჭირდება. მესმის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მეორე არჩევანი არა აქვს. "ნაციონალური მოძრაობისთვის" 50%-იანი ბარიერის დაწესება მაინც და მაინც მნიშვნელოვანი რამ, ერთი ორი გამონაკლისის გარდა, არ არის. იმიტომ რომ, ლე პენივით ხართ - რამდენ ხმასაც მიიღებთ პირველ ტურში, იმდენივეს მიიღებთ მეორე ტურში. რაც უნდა წარმატებული გქონდეთ შედეგები პირველ ტურში, ფრანგი ულტრამემარჯვენეების შედეგების შესაბამისად, მეორე ტურში - გინდა მამა ლე პენის, გინდა შვილი ლე პენის ვითარებაში, პოლიტიკური კეთროვანები ხართ. მეორე ტურში მიიღებთ იმდენივე ხმას და დაბალ პროცენტს. ასე ხდება, იმიტომ, რომ ყველა თქვენს წინააღმდეგ ერთიანდება. ამიტომ, თქვენთვის 50%-იანი ბარიერი მნიშვნელოვანი არ არის. პირიქით, მამხილებელია, რადგან მეორე ტურში გასული "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი - თუკი ასეთი იქნება, მეორე ტურში ძალიან მაღალი ალბათობით, ძალიან დაბალ პროცენტს მიიღებს", - განაცხადა ბერძენიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით და მათ თბილისის მერის არჩევნების შედეგები გაახსენა.
ბერძენიშვილმა აქვე აღნიშნა ისიც, რომ მაჟორიტართა არჩევის 50%-იან ბარიერი და მეორე ტური სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის არის მნიშვნელოვანი.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსნით განხილვა მიმდინარეობს, რომელიც მხოლოდ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლას - ცალკეული ოლქების გაერთიანებას და ცალკეული ოლქების დაყოფას გულისხმობს. მაჟორიტართა არჩევის 50%-იანი ბარიერის შემოღებასთან დაკავშირებით უმრავლესობა ცალკე პროექტის ინიცირებას გეგმავს.