პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომიის პოზიტიურ ანგარიშს მიესალმება და მიიჩნევს, რომ ის სრულად ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი პირი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ დღეიდან ჩვენ წინ გველის საპასუხისმგებლო პროცესი, რომელიც ევროკავშირის მიერ იმ პოლიტიკური გადაწვეტილების მიღებით უნდა დაგვირგვინდეს, რომელიც ოფიციალურად გახსნის ევროკავშირის საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისათვის.
"მივესალმები ევროკომისიის ანგარიშს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია.
საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევით უმოკლეს ვადებში შეძლო სრულად დაეკმაყოფილებინა ყველა ის მოთხოვნა, რასაც სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა. ამ ერთიანობამ ქვეყანას მოუტანა ის შედეგი, რომელიც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილებისათვის.
დღეიდან ჩვენ წინ გველის ფრიად საპასუხისმგებლო პროცესი, რომელიც ევროკავშირის მიერ იმ პოლიტიკური გადაწვეტილების მიღებით უნდა დაგვირგვინდეს, რომელიც ოფიციალურად გახსნის ევროკავშირის საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისათვის.
ჩვენი ამოცანაა ღირსეულად გავიაროთ ეს პროცესი და ძალისხმევა არ დავიშუროთ დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე ვადებში მისაღწევად", - აცხადებს პრეზიდენტი.
გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, პოლიტიკური ძალები და საზოგადოება კვლავ ერთიანი იქნება ჩვენი ევროპული არჩევანის ხორცშესხმისათვის.
"ჩვენი არჩევანი ევროპული არჩევანია, ევროპა ჩვენი კეთილდღეობა და პროგრესია, მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში!
მე, როგორც პრეზიდენტი, კვლავ აქტიურად ვიქნები ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ამ სტრატეგიული მიზნის რეალიზებას უკავშირდება", - აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.