რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რიგით მეთერთმეტე, ტრადიციულ პრესკონფერენციას ატარებს, რომელსაც 1 400-მდე ჟურნალისტი ესწრება.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი სრულიად თურქეთთან გაწყვიტოს ურთიერთობა და არსებობს თუ არა რუსეთ-თურქეთის კონფლიქტში მესამე ძალა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია.
„ჩვენ ვთვლით, რომ თურქეთის ხელისუფლების ქმედება არის მტრული მოქმედება. რამაც ჩვენ ძალიან აღგვაშფოთა, არის ის, რომ იმის მაგივრად, ჩვენთან დაერეკათ, გაიქცნენ ბრიუსელში, ნატო-ში საჩივლელად, რომ ვითომდა ვიღაც მათ ჩაგრავს. სწორედ ამან გამოიწვია ჩვენი უკმაყოფილება. ეს დაუშვებელია. ანტალიაში ჩემი ვიზიტისას, თურქეთის ხელისუფლებამ ძალიან მგრძნობიარე საკითხებზე გვთხოვა დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ მათ გვთხოვეს დახმარება, ინციდენტის შემდეგ ჩვენთან არავის არ დაურეკავს და არ აუხსნია მომხდარი. რა იყო ამის მიზანი? რას მიაღწიეს ამით? მათ ეგონათ, რომ ჩვენ სირიიდან გამოვიდოდით? პირიქით, ჩვენ გავაძლიერეთ სამხედრო შეიარაღება. თქვენ იკითხეთ, რომ ამ პროცესში არის მესამე ძალა ჩართული?! ვერ გეტყვით. თუ ვინმემ გადაწყვიტა, რომ ამერიკას „შეუძვრნენ“, ამაზე ვერაფერს გეტყვით. მათ ყველა ჩააყენეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ვაანალიზებ მომხდარს და ვფიქრობ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ უკვე მეორე ხარისხოვანია. შევიდნენ ერაყში, გაანადგურეს ქვეყანა, შეიქმნა ვაკუუმი და ეს სიტუაცია წლობით იქმნებოდა. მძვინვარებს კონტრაბანდა და უკანონო ექსპორტი. საჭიროა სამხედრო ძალა ამის თავიდან ასაცილებლად და ძალიან კარგია ამისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ გამოყენება. არ არის გამორიცხული, რომ არსებობდეს მესამე სახელმწიფოს ქვეტექსტი და თუ არსებობდა რაიმე მიზანი, ვერ გამოვიდა“, - განაცხადა პუტინმა.
რაც შეეხება რიგით მოსახლეობას და რუსეთის თურქულენოვან მოქალაქეებს, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ისინი რუსეთის მეგობრებად რჩებიან და მათთან კონტაქტი გაგრძელდება, მაგრამ პუტინი აღნიშნავს, რომ თურქეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაგრძელება პრაქტიკულად შეუძლებელია.