პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ რაგბის ფედერაციას ჩრდილი არ უნდა მიადგეს, რადგან მას უკავშირდება საქართველოს ეროვნული მასშტაბის წარმატებები.
„თუ ჩვენ ყველა ერთად და ცალ-ცალკე, მოვახერხებთ იმას, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ კორპორაციას - რაგბის ფედერაციას, რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგება, ეს იქნება ძალიან დიდი ტრაგედია, რადგან ეს არის ის სფერო, სადაც ჩვენ გვაქვს ეროვნული მასშტაბის წარმატებები, რაც არის შედეგი ძალიან ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი შრომის. ყველამ უნდა ვიღონოთ ყველაფერი იმისთვის, რომ რაიმე ჩრდილი არ მიადგეს ამ საქმეს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება რაგბის ფედერაციაში დაგეგმილ არჩევნებს, როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ არჩევნებში როგორც გამარჯვებული, ასევე დამარცხებული არსებობს. უსუფაშვილს იმედი აქვს, რომ ყველას, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს, არჩევანის გაკეთება თავისუფლად შეეძლებათ.
„მინდა როგორმე, ჩვენ, ქართველები, შევეგუოთ იმ ამბავს, რომ არჩევნების დროს არის ხოლმე გამარჯვებული და დამარცხებული. ამას თუ არ შევეგუებით, არც პოლიტიკაში და არც რაგბში არაფერი გამოვა. როგორც ვიცი, ღირსეული კანდიდატები არიან კონკურენტები და მინდა ვისურვო, რომ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ხმის მიცემის უფლება, ექნებათ საშუალება, თავისუფლად განახორციელონ ეს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.