საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობის ესკალაცია, როგორც საქართველოსთვის, ასევე, მთელი რეგიონისთვის, არასასურველია.
ვიცე-პრემიერის თქმით, რეგიონში დაძაბულობა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე აისახება. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ ამ ქვეყნებს შორის დაძაბულობა საქართველოსთვის შესაძლოა რაიმე სახით სასურველი იყოს, არაეთიკურია თურქეთის მიმართ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
„რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა არის უკიდურესად არასასურველი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკოსს და მედიას, რომ ყველანაირი მცდელობა, რომ რაიმე კუთხით დადებით კონტექსტში წარმოჩინდეს ამ დაძაბულობის შესაძლო შედეგები საქართველოსთვის, თავიდან იქნას აცილებული. უპირველეს ყოვლისა, არ არსებობს არანაირი რეალური საფუძველი იმისთვის, რომ რაიმე სარგებელი მოუტანოს ამან საქართველოს. ნებისმიერი დაძაბულობის ზრდა რეგიონში, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას შეამცირებს და ასევე, ეს არაეთიკურია თურქეთის მიმართ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.