თუ ვინმე მეტყვის, რომ გირგვლიანის საქმეზე შესაძლებელი იყო დამდგარიყო სხვა გადაწყვეტილება, მე ამოვწურავ ჩემს ვადას და წავალ

თუ ვინმე მეტყვის, რომ გირგვლიანის საქმეზე შესაძლებელი იყო დამდგარიყო სხვა გადაწყვეტილება, მე ამოვწურავ ჩემს ვადას და წავალ

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძესთან გასაუბრება დასრულდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე საბჭოს წევრები მურუსიძისგან დაინტერესდნენ გახმაურებულ, მათ შორის გირგვლიანის და მოლაშვილის საქმეებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

მურუსიძის თქმით, ყველა მისი გადაწყვეტილება იყო სამართლიანი.

"იმ საქმეებზე, რომლებზეც გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, მიღებულია აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება და სასამართლოს სხვა საშუალება არ ჰქონდა. იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რა ფაქტობრივი გარემოებებიც იყო თუნდაც გირგვლიანის საქმეზე, თუ ვინმე მეტყვის, რომ რაიმე სხვა, ალტერნატიული გადაწყვეტილება შესაძლებელი იყო დამდგარიყო უზენაეს სასამართლოში, მე ამოვწურავ ჩემს ვადას და წავალ", - განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ კითხვებზე მისი მხრიდან პასუხები იყო კვალიფიციური.

"დაისვა ის შეკითხვები, რაც საზოგადოებას აინტერესებს. ავუხსენი ჩემი დამოკიდებულება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და საბჭოს გადასაწყვეტია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი მაქვს, რომ მოსამართლე წევრები მხარს დამიჭერენ, დანარჩენი წევრები კი დღევანდელი გასაუბრების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. დაისვა ყველა კითხვა და გავეცი კვალიფიციური პასუხები", - განაცხადა მურუსიძემ.

რაც შეეხება მის მიმართ არსებულ კრიტიკას, როგორც მურუსიძის თქმით, ჯანსაღი კრიტიკა მისთვის მისაღებია, თუმცა "მიუღებელია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გამოხატავდეს, თუ ვინ უნდა იყოს მოსამართლე და ვინ არა".