საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არცერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს არ უთქვამს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს შესაძლოა რაიმე პრობლემა შეექმნას.
კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს აქტიური კომუნიკაცია აქვს დაწყებული ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენ დაწყებული გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ჩემი უკანასკნელი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც იყო ბრიუსელში და ბელგრადში, მქონდა არაერთი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და არ მქონია არცერთი შემთხვევა, როდესაც რომელიმე მათგანს ეთქვას, რომ საქართველოსთვის პრობლემა იქნება თავისუფალი სავიზო მიმოქცევის მინიჭება, თუკი რა თქმა უნდა, დასკვნა იქნება დადებითი. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დასკვნა დადებითია და იმედი გვაქვს, უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ზუსტი თარიღის თქმა და შემდგომ ახსნა-განმარტებების გაკეთება არ იქნება სწორი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, ხვალ დაგეგმილი პრესკონფერენცია, რომელიც ვიზალიბერალიზაციის თემაზე და ევროკომისიის დასკვნაზე უნდა ჩატარებულიყო, გადადო.
როგორც საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დასკვნა დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს.