ე.წ. შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ლაშა აბაშიძეც დაიკითხა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
"მე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ დაკითხულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად ვიცე მერი. ასევე დაკითხულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელმაც სამართალდამცველები ჩააყენა საქმის კურსში. გარდა ამისა - რამდენიმე მსჯავრდებული, მათი ახლობლები, ანუ ინტენსიური პროცესი მიდის", - განაცხადა ელისაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ლაშა აბაშიძე პროკურატურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, თუმცა მან ჯერ კიდევ 13 დეკემბერს, "ინტერპრესნიუსთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ პროკურატურისგან დაკითხვაზე დაბარების უწყება არ მისვლია.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებების თაობაზე, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები გარკვეული პატიმრების შეწყალების საქმეზე მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ და ამაში ფულს იღებდნენ, გამოძიება მიმდინარეობს.
გაზეთ "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა.
როგორც "კვირის პალიტრა" წყაროზე დაყრდნობით წერს, ე.წ.კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა.
გამოცემის ცნობით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.
აღსანიშნავია, რომ შეწყალების კომისიაში ალეკო ელისაშვილის თავმჯდომარეობის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სწორედ ლაშა აბაშიძე იყო. ელისაშვილის მტკიცებით, მასზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას აბაშიძეც ფლობს.