ე.წ. შეწყალების საქმეზე ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე დაიკითხა

ე.წ. შეწყალების საქმეზე ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე დაიკითხა

ე.წ. შეწყალების საქმეზე ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე დაიკითხა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მჟავანაძემ განუცხადა, მან გამოძიების შეკითხვებს ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულ ანასტასია ზაუტაშვილთან დაკავშირებით უპასუხა. მჟავანაძე საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობს.
"ვინაიდან მე გახლდით ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი 2014 წლის აგვისტოდან, მთავარ პროკურატურაში დავიკითხე. უწყებას მივეცი ჩვენება საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით. დაკითხვის შემდეგ გამომძიებლის მიერ გაფრთხილებული ვარ, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გავამჟღავნო საქმეში არსებული ცნობები. სწორედ ამიტომ იძულებული ვარ მედისათან დროებით ამ საქმეზე კომენტარებისგან თავი შევიკავო", - აცხადებს მჟავანაძე. 
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებების თაობაზე, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები გარკვეული პატიმრების შეწყალების საქმეზე მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ და ამაში ფულს იღებდნენ, გამოძიება მიმდინარეობს. 
გაზეთ "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა. 
როგორც "კვირის პალიტრა" წყაროზე დაყრდნობით წერს, ე.წ.კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა. 
გამოცემის ცნობით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.