ალეკო ელისაშვილმა გამოძიებას ტელეფონი წარუდგინა, სადაც მაღალჩინოსნების მიერ კონკრეტული პირების შეწყალების მოთხოვნით SMS-ებია შენახული

ალეკო ელისაშვილმა გამოძიებას ტელეფონი წარუდგინა, სადაც მაღალჩინოსნების მიერ კონკრეტული პირების შეწყალების მოთხოვნით SMS-ებია შენახული

საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი დაკითხეს. 
როგორც პროკურატურიდან გამოსულმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან გამოძიებას საკუთარი ტელეფონი წარუდგინა, სადაც კონკრეტული მაღალჩინოსნების მიერ კონკრეტული პირების შეწყალების მოთხოვნით ეს-ემ-ეს შეტყობინებებია შენახული.
"ჩემი ტელეფონი გამოძიებამ დაიტოვა ნივთმტკიცების სახით. არ ვიცი, რა განაცხადა მანანა კობახიძემ, მაგრამ ამ დროისთვის ყველაზე გულახდილი ვარ გამომძიებელ გიორგი მუჯირთან. მან იცის ყველა დეტალი, დანარჩენის საჯაროდ თქმას არ ვაპირებ. მე ჯერჯერობით ეჭვი არ შემაქვს გამოძიების კეთილსინდისიერად მიმდინარეობაში. გამოძიებას ჩემი სასიყვარულო მიმოწერა ჩემს ცოლთან ნამდვილად არ აინტერესებს, ტელეფონი არის თავად ფაქტი და დანარჩენი ფაქტებიც უნდა შეაგროვონ. დღეს გვქონდა ძალიან დაწვრილებითი და დეტალური საუბარი", - აღნიშნა ელისაშვილმა. 
მან ასევე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დაცვის ღონისძიებაზე და აღნიშნა, რომ გუშინ გიორგი მარგველაშვილთანაც ჰქონდა შეხვედრა, სადაც დაცვის დანიშვინის შესახებ მიიღო შეთავაზება, რაზეც უარი განაცხადა. ელისაშვილის განმარტებით, მას პროკურატურამაც შესთავაზა სპეციალური დაცვის ღონისძიება, მაგრამ ამ ეტაპზე უარს ამბობს. "იმიტომ, რომ არ მეშინია. ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, იმას ეშინოდეს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.