საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის დღევანდელი პრესკონფერენცია, რომელიც საქართველოს მიერ "სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო, გადაიდო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.
განცხადებაში პრესკონფერენციის გადადების მიზეზებსა და სხვა დეტალებზე საუბარი არ არის.
"მედიის წარმომადგენლებს ვატყობინებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის 15 დეკემბრის პრესკონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას, გადაიდო. პრესკონფერენციის ახალ თარიღს შეგატყობინებთ", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების რამდენიმე დღით გადადებას საქართველოს ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ადასტურებს. შესაბამისი კომენტარი ნატალია საბანაძემ ტელეკომპანია ”იმედთან” გააკეთა.
ქართველი დიპლომატის თქმით, აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნების გადადება საქართველოსთან არანაირ კავშირში არ არის. "შემატყობინეს ოფიციალურად, რომ რამდენიმე დღით გადაიდო, მაგრამ ასევე შემიძლია ვთქვა და ესეც ოფიციალურად მითხრეს, რომ ეს გადადება საქართველოსთან არაფერ კავშირში არ არის. ჩვენი ანგარიში, როგორც ვიცი, იქნება საბოლოოდ პოზიტიური", - განაცხადა საბანაძემ.