საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების რამდენიმე დღით შესაძლო გადადებას საქართველოს ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ადასტურებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედს" საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძე განუცხადა.
საბანაძის თქმით, აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნების გადადება საქართველოსთან არანაირ კავშირში არ არის. "შემატყობინეს ოფიციალურად, რომ რამდენიმე დღით გადაიდო, მაგრამ ასევე შემიძლია ვთქვა და ესეც ოფიციალურად მითხრეს, რომ ეს გადადება საქართველოსთან არაფერ კავშირში არ არის. ჩვენი ანგარიში, როგორც ვიცი, იქნება საბოლოოდ პოზიტიური", - განაცხადა საბანაძემ.
გარდა ამისა, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის ხვალინდელი პრესკონფერენცია გადაიდო, რომელიც საქართველოს მიერ "სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას უნდა მიძღვნოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.
განცხადებაში პრესკონფერენციის გადადების მიზეზებსა და სხვა დეტალებზე საუბარი არ არის.
საქართველოსთვის და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნება ხვალისთვის იგეგმებოდა.