ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის კუთხით იყო ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა, სადაც ევროკავშირის პროექტის "სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილებების გამოტანის მეთოდოლოგიას უკავშირდება. ეს არის ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის გაწეული უამრავი ტრენინგი და გადამზადება. ყველაზე მნიშვნელოვანი და დამაგვირგვინებელი არის 2015 წელს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელმაც მართლმსაჯულების ინტერესების პრიორიტეტებზე ზემოთ არასრულწლოვანის ნამდვილი ინტერესი დააფიქსირა", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.