საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის ხვალინდელი პრესკონფერენცია გადაიდო, რომელიც საქართველოს მიერ "სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას უნდა მიძღვნოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.
განცხადებაში პრესკონფერენციის გადადების მიზეზებსა და სხვა დეტალებზე საუბარი არ არის.
"მედიის წარმომადგენლებს ვატყობინებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის 15 დეკემბრის პრესკონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას, გადაიდო. პრესკონფერენციის ახალ თარიღს შეგატყობინებთ", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთვის და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნება შესაძლოა რამდენიმე დღით გადაიდოს. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ევროკომისია არ ადასტურებს. როგორც "ევრონიუსი" იტყობინება, ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარიტის სხინასმა განაცხადა.
"ჯერჯერობით არ შემიძლია დაგიდასტუროთ რაიმე ამ საკითხის განსაკუთრებული განვითარება. ამ კუთხით ოთხშაბათს, ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს ველოდებით. იქნება შეხვედრა ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ტუსკთან და ევროკომისიის თავმჯდომარე იუნკერთან. მაგრამ რაიმე სპეციფიკის დადასტურება არ შემიძლია, რადგან ევროპული საბჭო ჯერ არ ჩატარებულა. გვსურს, საბჭოს დღის წესრიგი დავიცვათ", - განაცხადა სხინასმა.