საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის ყველა მოთხოვნა და შემოთავაზება შეესრულებინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა ხვალ არ გამოქვეყნდეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიში.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დღეს გაკეთდა განცხადებები, მათ შორის ევროკომისარ იოჰანეს ჰანის მიერ საქართველოსთან მიმართებაში. დასკვნა არის დადებითი და ეს არ დადგება ეჭვქვეშ.
"ახლა საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირმა გვამცნოს საბოლოო დღე და თარიღი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გამოქვეყნდება ჩვენთვის ესოდენ სასურველი და როგორც უკვე წინასწარ ვიცით, 100%-ით დადებითი დასკვნა საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.