პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პროკურატურას ჩვენება მოწმის სტატუსით მისცა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 12 დეკემბერს ის საკუთარი ინიციატივით მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დაუკავშირდა და გამოთქვა სურვილი, პროკურატურაში როგორც მოწმე მისულიყო და ყველა ის ინფორმაცია მიეწოდებინა, რაც მათ აინტერესებდათ.
კობახიძის განმარტებით, მის წინააღმდეგ გამოთქმულ ყველა ცრუ ბრალდებაზე სასამართლოს მიმართავს და "ბინძურ კამპანიას ბოლომე მიყვება".
კობახიძემ დღეს ვრცელი განმარტებები გააკეთა ე.წ. "კოკაინის საქმეზე" და მასთან დაკავშირებულ პროცესზე, მათ შორის საქმეში მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით.
"რა თქმა უნდა, განაჩენში წერია, რომ ისინი დამნაშავეები არიან, მაგრამ ეს განაჩენი გამოტანილია "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" უხეში დარღვევით, ძალიან ბევრი სამართლებრივი კითხვა პასუხგაუცემელია. ეს ხალხი მაშინვე ითხოვდა არა შეწყალებას, არამედ გამართლებას. ამისთვის ვაგზავნიდით საჩივარს, მათ შორის ევროპის სასამართლოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ ხალხს გაუჩნდათ მოლოდინი იმისა, რომ ახალი ხელისუფლება საქმეს ახლადაღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე და მოწმეთა წამების ფაქტებზე დაყრდნობით გადახედავდა. მოწმებთან საპროცესო შეთანხმებები სწორედ წამებით აღიარებული ჩვენების ფასად გაფორმდა. იმის გამო, რომ პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა, ადამიანები დღესაც თავს სრულიად უდანაშაულოდ თვლიან, მათი მხრიდან ერთადერთი გამოსავალი შეწყალება იყო, რომლის მოთხოვნის უფლება პატიმარს ყოველთვის აქვს. მათ ამ უფლებით ისარგებლებს და აქ კითხვის ნიშნების დასმა სრულიად არარელევენტურია", - აცხადებს მანანა კობახიძე.