ეკა ბესელია და მანანა კობახიძე პროკურატურაში თავისი ინიციატივით მივიდნენ

ეკა ბესელია და მანანა კობახიძე პროკურატურაში თავისი ინიციატივით მივიდნენ

ეკა ბესელიას ინფორმაციით, დღეს პროკურატურაში მანანა კობახიძესთან ერთად, ის საკუთარი ინიციატივით გამოცხადდა.

როგორც ბესელიამ „პირWელს“ განუცხადა, გამოძიებას მან ის მასალები და დოკუმენტაცია გადასცა, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დოკუმენტაციის სახით გააჩნდა.

"ჩემი ინიციატივით, მანანაც ასევე თავად დაუკავშირდა პროკურატურას, არავითარი დაბარება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ყველა დეტალი გაირკვევა. ჩვენ ხელს არ შევუშლით გამოძიებას, რომელმაც უნდა გადაამოწმოს ელისაშვილის განცხადებები. გამოძიებას მივაწოდე ის ინფორმაცია და მასალები, რაც აქვს კომიტეტს დოკუმენტაციის სახით მიღებული. ესეც დაეხმარება პროცესს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ.კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა, თუმცა, უშედეგოდ, მისი გვარი ამნისტირებულთა სიიდან, მაშინდელი შს მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე ამოიღეს. "კვირის პალიტრის" ცნობით, ამის შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც, ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს.