გიორგი კვირიკაშვილმა ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აქსელ ვეხი მიიღო

გიორგი კვირიკაშვილმა ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აქსელ ვეხი მიიღო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აქსელ ვეხი მიიღო. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო-ავსტრიის ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და რეგიონში არსებულ ვითარებას.

ვიცე-პრემიერმა პოზიტიურად შეაფასა საქართველო-ავსტრიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში. ასევე ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, რაც გულისხმობს ავსტრიის საქმიანი წრეების საქართველოთი შემდგომ დაინტერესებას და ჩვენს ქვეყანაში ავსტრიული ინვესტიციების მოზიდვას. ამ კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 2016 წელს თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა  ქართულ-ავსტრიულ ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო ძლიერ იმპულსს შესძენს.

ვიცე-პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა აქსელ ვეხს ავსტრიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც მთლიანად ევროკავშირთან, ასევე ცალკეულ წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.

ელჩმა აქსელ ვეხმა, თავის მხრივ, დაადასტურა ავსტრიის მთავრობის მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და ხაზი გაუსვა ავსტრიული კომპანიების მზარდ დაინტერესებას საქართველოში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის მიმართ.