საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, დღეს საბოლოოდ 1 600-მდე დასახლებული პუნქტი განისაზღვრა, რომელსაც მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი მიენიჭება.
მისი თქმით, ადგილზე მცხოვრები ადამიანები კანონში გაწერილი შეღავათებით ისარგებლებენ.
"დღეს საბოლოოდ განისაზღვრა 1 600-მდე დასახლება, რომელიც ამ სტატუსს მიიღებს, რაც გულისხმობს იმას, რომ აქ მცხოვრები ადამიანები ისარგებლებენ იმ შეღავათებით, რომლებიც გაწერილია კანონში. ამავდროულად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს დაზუსტება გაზრდის მიმართულებით, რადგან იყო რამდენიმე დასახლებაზე საუბარი, ან კრიტერიუმებზე, რომლებმაც შეიძლება მიიღოს სტატუსი. რამდენიმე თვის განმავლობაში ამ დასახლებებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი დაზუსტდება, შესაბამისად, შესაძლოა, მათაც მივანიჭოთ ეს სტატუსი. მთავარია, რომ დავიცვათ სამართლიანობის, თანასწორობის პრინციპი და რეალურად მივმართოთ დახმარება იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ ადამიანებს. ასევე, ვიმსჯელებთ იმაზე, რომ ახალი საწარმოები, რომლებიც მთაში იქნება დაფუძნებული დაიწყებენ იქ ფუნქციონირებას, კერძოდ წარმოებას განავითარებენ და მიეცემათ მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები წარმოების სფეროში საქმიანობისათვის. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი სტიმულია იმისათვის, რომ განვითარდეს ამ დასახლებებში სრულფასოვანი ცხოვრება", - განაცხადა ჟორჟოლიანმა და დასძინა, რომ შეღავათების მნიშვნელოვანი ნაწილი, 2016 წლის პირველი სექტემბრიდან, ხოლო ნაწილი პირველი იანვრიდან ამოქმედდება.