ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა ბრიუსელში დაწყებული ევროკავშირის საბჭოს სხდომის ერთ-ერთი თემაა. როგორც "ევრონიუსი" წერს, დღეს ევროკავშირის 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ქვეყნებთან კავშირებზე იმსჯელებენ და ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებს შეაფასებენ.

დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა გახდება. საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში მიმდინარე რეფორმებსა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაზე ისაუბრებენ. საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე შეეხებიან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას საქართველოსთან.

როგორც "ევრონიუსი" წერს, საქართველოსა და უკრაინასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ დგას, რადგან ევროკავშირი ევროკომისიის ანგარიშს დაელოდება, რომლის გამოქვეყნებაც ხვალ იგეგმება.

მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ანგარიში "მაქსიმალურად პოზიტიური" იქნება.

"ევრონიუსი" წერს, რომ დღევანდელ სხდომაზე რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივების საკითხის განხილვა არ იგეგმება. დღის წესრიგში დგას ასევე, მიგრაციული კრიზისი, ტერორიზმთან ბრძოლა, ვითარება ლიბიაში და ახლო აღმოსავლეთში.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთანაც გამართავენ შეხვედრას.