საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის დაკითხვას მიზანშეწონილად მიიჩნევს. ამის შესახებ გია ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უნდა დაიკითხოს ყველა, ვისაც "ოდნავ მაინც შეეხო ტალახის წვეთი".
"ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ოდნავ მაინც შეეხო ტალახის წვეთი, აუცილებლად ყველა უნდა დაიკითხოს. ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს და რაც შეიძლება სწრაფად. ძალიან შევაჩვიეთ საზოგადოება, რომ საკითხები დიდხანს იხილება და წლების განმავლობაში ვერ დავაზუსტეთ და ვერ დავადგინეთ, რა ტენდენციებთან გვაქვს საქმე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
დეპუტატის ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ექსპერტების მონაწილეობით დოკუმენტი ჩამოყალიბდა, რომელიც 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გაკეთებული მოხსენებების ნაკრებს წარმოადგენს.
მისივე თქმით, ასევე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს კონკრეტულად წამების თემებთან დაკავშირებით.
"წამების ბრალდებით, ასზე მეტი ადამიანია გასამართლებული. ვფიქრობ, ამას კიდევ კონკრეტული საქმეები დაემატება, რომელმაც შეიძლება რაღაც წიაღსვლების აუცილებლობა გამოიწვიოს. გამოძიების აუცილებლობა დააყენოს და შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანებს და პირებს მიადგეს ეს თემა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის განხორციელებული კონტრშეტევა. საიდან მოდის ეს კონტრშეტევა, ამასთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ნებისმიერ დეპუტატს, მათ შორის, მეც, მანანა კობახიძეს, ეკა ბესელიას, ყველას, 150-ვე დეპუტატს, არათუ უფლება გვაქვს, ვალდებულები ვართ, რომ ნებისმიერი მომართვის შემთხვევაში, თუკი საკითხი ეხება საჩივარს უსამართლობის შესახებ, თუნდაც ეს ერთი შეხედვით უსაფუძვლო იყოს, შესაბამის ორგანოს ამ საკითხის დეტალური შესწავლის მოთხოვნით მივმართოთ. მათ შორის, მივმართოთ შეწყალების სახელმწიფო კომისიასაც. ეს არის ფაქტი და ამის უარყოფა ან რაღაც შესაძლო გარიგებების ამასთან დაკავშირება, ვფიქრობ, რომ არათუ უსაფუძვლო, უზნეოც არის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ ე.წ. "კოკაინის საქმეზე" დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა. შესაბამისი კომენტარი კობახიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში, გამოცემის იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმადაც, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, სწორედ ე.წ. კოკაინის საქმეა.
მანანა კობახიძე ითხოვს, რომ აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ დაკითხოს.
"როგორც ჩანს, ელისაშვილისთვის წარმოუდგენელია დეპუტატი კანონიდან გამომდინარე მოქმედებდეს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვდეს. მათ უნდათ, ტალახი ესროლონ ადამიანებს. ჰკითხონ დაკავებულების ოჯახის წევრებს, ვის გადაუხადეს თანხა, ეს მანანა კობახიძე ნამდვილად არ ყოფილა. თუ ვიღაცას უნდა, რომ არ დავიცვა პატიმრების უფლებები, მაშინ მანდატი უნდა დავტოვო. ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვები, პროკურატურისგანაც მოვითხოვ, რომ აუცილებლად დამკითხონ", - აღნიშნავს კობახიძე.