მთავარი, რასაც ხვალ ველოდებით, ეს არის აღიარება იმ საქმიანობისა, რომელიც ყველა უწყების მიერ ერთმნიშვნელოვან პრიორიტეტად იქნა განსაზღვრული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ვიზალიბერალიზაციისთვის საქართველოს მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშზე კომენტირებისას განუცხადა, რომელიც ხვალ უნდა გამოქვეყნდეს,
ბაქრაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით აღნიშნული მიმართულებით მუშაობა ძალიან ეფექტურად წარიმართა, მათ შორის წარმატებით განხორციელდა უშუალოდ მეორე ფაზა, რომელზეც საქართველო გასული წლის ნოემბერში გადავიდა.
"ხვალ გამოქვეყნდება საქართველოს საქმიანობის შემაჯამებელი დოკუმენტი და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ის იქნება პოზიტიური. დანარჩენს რაც შეეხება, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ვიზალიბერალიზაციის მიზნით საქართველომ არაერთი რეფორმა განახორციელა, მათ შორის ცვლილებები შევიდა 70-ზე მეტ კანონში და ქვეყანა შეუერთდა არაერთ შესაბამის კონვენციას.
რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, ბაქრაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ხვალ პოზიტიური ანგარიში გამოქვეყნდება, კომისია შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივით უკვე ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს მიმართავს.
"შემდგომ უკვე პროცესი წარიმართება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილებით დადასტურდეს ის, რაც ტექნიკური შეფასების თვალსაზრისით ევროკომისიამ ხვალ უნდა გამოაცხადოს", - აღნიშნა ბაქრაძემ.
კითხვაზე, თუ რა ვადაა განსაზღვული ინიციატივისთვის, რომლითაც კომისიამ ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს უნდა მიმართოს, მინისტრმა განაცხადა, რომ ვადები, სავარუდოდ, ხვალ გამოქვეყნებულ დოკუმენტში იქნება განსაზღვრული.