საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის უმთავრესი ამოცანა ინვესტორთათვის ხელსაყრელი და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერმა კომპანია "ჯეოსთილის" თავმჯდომარე ჰარდიფ სინგჰსა და აზიის პალატების კონფედერაციის პრეზიდენტს ჯემალ ინაიშვილს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს და ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს აზიიდან ინვესტორთა ჯგუფი ეწვევა.
"კომპანია ,,ჯეოსთილი", ინდუსტრიულ სფეროში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
კომპანია "ჯეოსთილის" ხელმძღვანელის განცხადებით, სამომავლოდ დაგეგმილია საქართველოში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელება- ისეთ სფეროებში როგორიცაა, ჰიდროენერგეტიკა და ფეროშენადნობთა წარმოება. დაგეგმილია საერთაშორისო ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობაც.
"ჯეოსთილი" ქართული ინდუსტრიის სფეროში ერთ-ერთი უდიდესი პირდაპირი ინვესტიციის შედეგად შექმნილი კომპანიაა, რომელიც უმსხვილესი ინდური კომპანია JSW-ის ერთობლივ საწარმოს წარმოადგენს.