თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს მოჰამედ აშრაფ ღანის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთერთობების განვითარების საკითხები განიხილეს. საუბარი სატრანსპორტო თანამშრომლობის თვალსაზრისით Lapis Lazuli-ის პროექტს შეეხო, რომელიც ავღანური მხარის ინიციატივით, ავღანეთიდან დასავლეთში სატრანსპორტო, სატრანზიტო და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას ავღანეთში, რომელსაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.
"უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ მიმართული ასეთი სასტიკი და არაადამიანური ქმედებები წარმოადგენს ძალიან მძიმე ხასიათის დანაშაულს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად უნდა დაგმოს ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციის მცდელობაზე, რომელსაც აღნიშნულ ეტაპზე, სამწუხაროდ, შედეგი არ მოჰყოლია და რუსეთთან პოლიტიკური საკითხების მოგვარებაზე გავლენა არ მოუხდენია.
"საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობამ განაგრძოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა", - განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა.
მოჰამედ აშრაფ ღანიმ გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა ავღანეთში NATO-ს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" საქართველოს მონაწილეობისათვის. თავის მხრივ, საქართველომ ავღანეთს სახელმწიფო სტრუქტურებში განხორციელებული წარმატებული რეფორმების თვალსაზრისით დახმარება აღუთქვა.