გიორგი მარგველაშვილი რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა შეხვედრისას ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჭრილში აქტუალური საკითხები განიხილეს. კერძოდ, თემები, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დაჩქარებას, აღმოსავლეთ - დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის გამტარიანობის ზრდას და ასევე, კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირების ახალ შესაძლებლობებს.
"საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს თანამშრომლობა, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთსა და ევროკავშირს შორის.
მხარეებმა ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
თურქეთმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და დაგმო რუსეთის ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება ცხინვალისა და აფხაზეთის რეჟიმებთან.
საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო მხარდაჭერა, რომ თურქეთი, როგორც საქართველოს პარტნიორი და ნატო-ს წევრი, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იქნება", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 
დღესვე დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან - ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან და ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ეშაკ ჯაჰანგირთან.