ავტოავარიის შედეგად დაღუპული 26 წლის პოლიციელის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. გარდაცვლილი მანუჩარ კოჩალიძის ოჯახის წევრები მკვლელობაში ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და მოითხოვენ ბრალდებულის დაკავებას, მოსამართლისთვის საქმიანობის შეწყვეტას და საქმის ობიექტურად გამოძიებას. მათ ტრანსპარანტებიც მიიტანეს წარწერებით "მკვლელი ციხეში", "მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს აეკრძალოს სასამართლოს ჩატარება".
როგორც გარდაცვლილის მამამ მურმან კოჩალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, გურამ ბორცვაძემ მძიმედ დაშავებული მისი შვილი მიატოვა და მიიმალა. მისივე განმარტებით, ის გორში დააკავეს, თუმცა მაღალჩინოსნის მფარველობით მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ საპატიმრო მალევე დაატოვებინა.
"ჩემს შვილს სახლიდან 50 მეტრში ბორცვაძე მანქანით დაეჯახა და ადგილზე მოკლა. სამუხრუჭე სისტემა არ გამოუყენებია არც დარტყმის მომენტში და არც შემდგომ. ის პირდაპირ მანქანის გაუჩერებლად გაიქცა. პროკურატურა ითხოვდა ორთვიან წინასწარ პატიმრობას, თუმცა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ის 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჩვენ ვითხოვთ, ასეთი დამნაშავის გათავისუფლებისთვის მოსამართლეს აეკრძალოს სასამართლოს სხდომის ჩატარება. მკვლელს მაღალჩინოსნები მფარველობენ, მაგრამ მოვითხოვთ, ის დღესვე ჩასვან ციხეში. საგამოძიებო ჯგუფმა 24 საათში დაიჭირა დამნაშავე, უგუნურმა მოსამართლემ კი ასე დაუსაბუთებლად გარეთ გამოუშვა", - აღნიშნა მურმან კოჩალიძემ.
სავარაუდო დამნაშავის მიმართ მაღალჩინოსნის მფარველობაზე ეჭვებს გამოთქვამს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც, რომელიც საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.
"ავარიის შემდეგ დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, არ გაგებინა არც სასწრაფო დახმარებას და არც სამართალდამცველებს საქმის ვითარება. არსებობს ეჭვი, რომ საქმეში ვიღაც არის ჩარეული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს პატიმრობა არ ასცდებოდა. მსგავს შემთხვევებში სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების გარდა სხვა სასჯელს არ იყენებს", - აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში 29 ნოემბერს მოხდა.