თბილისის მერიასთან "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი ალექსიძის ქუჩის მოსახლეობასთან ერთად აქციას მართავს.
ალექსიძის ქუჩის მოსახლეობა მერიასთან ე.წ. აკადემქალაქში მშენებარე და დაგეგმილ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს.
ალექსიძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ალექსიძის ქუჩაზე დაგეგმილია სამი კორპუსის მშენებლობა, რომელთაგან ერთის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მეორე კორპუსის საძირკველი შენდება, მესამის აშენება კი დაგეგმილია.
"დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ალექსიძის ქუჩაზე ცათამბჯენების მშენებლობის გამო მერიასთან უკვე მეორე აქციას მართავენ. ჩხარტიშვილი წარმატებად მიიჩნევს იმას, რომ ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის სართულების შემცირება მოხდა. კერძოდ, დაგეგმილი 22-სართულიანი კორპუსის ნაცვლად, მშენებლობის კოეფიციენტი 19 სართულამდე შემცირდა. მოსახლეობა კი მოითხოვს, რომ ალექსიძის ქუჩაზე მხოლოდ 10-12-სართულიანი კორპუსი აშენდეს.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ასევე უნდა მოხდეს "აკადემქალაქის" ბარაკებში მცხოვრები 5 ოჯახის 12-სართულიან კორპუსში ბინით უზრუნველყოფა.
ჩხარტიშვილის თქმით, თუ თბილისის მერია ალექსიძის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემებს არ მოაგვარებს, მომავალ შაბათს აქციას პროკურატურასთან გამართავენ და მოითხოვენ, პროკურატურამ გამოიძიოს, როგორ გაიცა ნებართვა ცათამბჯენების მშენებლობის შესახებ.
"დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას მის სახლთან აქციის მოწყობას ჰპირდება.