ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა შეეცვალა სისტემა და წასულიყო დეცენტრალიზაციის გზით, - ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართული კონფერენციაზე განაცხადა.
კოფერენციაზე "ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015" საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს განიხილავენ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გატარებული რეფორმის შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობებს დღეს უკვე აქვთ ყველანაირი ბერკეტი, რომ დამოუკიდებლად განახორციელონ პროექტები, რაც დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ჩვენ შევარჩიეთ სახელწოდება "ადგილობრივი თვითმმართველობა-საუკეთესო პრაქტიკა," ალბათ თავად ტერმინი მიანიშნებს ჩვენი შეკრების მიზანს, რომ წარმოვაჩინოთ ის საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც დაინერგა რეგიონებში. მინდა მოკლედ შევახსენო ყველას თუ რა გვქონდა ჩვენ მანამდე, სანამ თვითმმართველობის რეფორმას განვახორციელებდით. მოგეხსენებათ სულ რაღაც 2-3 წლის წინ საქართველოში იყო ცენტრალიზებული სისტემა და ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და შეცვალა ეს სისტემა, არსებული ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც აღმოჩნდა რომ არ იყო ეფექტური შეგვეცვალა და წავსულიყავით დეცენტრალიზაციის გზით. ამის შედეგი არის ის, რომ ჩვენ გასულ წელს ჩავატარეთ უპრეცენდენტო ადგილობრივი არჩევნები, ავიჩიეთ 59 გამგებელი და 12 მერი, პირდაპირი არჩევის გზით. ჩვენ დავსახეთ საკმაოდ ამბიციური გეგმა, ბარიერი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ იყო მართლაც უპრეცენდენტო, ეს იყო 50 %-იანი ბარიერი, რომელიც კანდიდატს უნდა გადაელახა, რომ ყოფილიყო მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული მერი თუ გამგებელი. მე ვიზიარებ იმ სიხარულს და სიამაყეს, რომელიც ამ რეფორმის განხორციელების შედეგად ჩვენმა ქვეყანამ მიიღო,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დაიწყო პროექტი "ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის", რომელიც რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარებისკენ არის მიმართული.
"რამდენიმე თვის წინ დავიწყე პროგრამა "ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის", რომელიც რეგიონების სტრატეგული და ეკონომიკური განვითარებისკენ არის მიმართული. რეგიონების ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის მთავარი მიზანი, რომლის გამოც ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ამ პროგრამაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.