ერაყის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე თურქული სამხედრო ძალების შეყვანა მკაცრად დაგმო

ერაყის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე თურქული სამხედრო ძალების შეყვანა მკაცრად დაგმო

ერაყის ხელისუფლებამ გაეროს უშიშროების საბჭოს წერილით მიმართა და ერაყის ტერიტორიაზე თურქული სამხედრო ძალების შეყვანა მკაცრად დაგმო. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იტყობინება.
წერილში, რომელიც გაერო-ში ერაყის მუდმივმა წარმომადგენელმა მოჰამად ალ-ჰაკიმმა საბჭოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს ამერიკელ კოლეგას სამანტა ფაუერს გაუგზავნა, ნათქვამია: "გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მოითხოვოს, რომ თურქეთმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს საკუთარი ჯარები ჩრდილოეთ ერაყიდან და სამომავლოდ, ქვეყნის სუვერენიტეტი აღარ დაარღვიოს".
თურქეთმა ერაყში 150-მდე სამხედრო და ტანკები დეკემბრის დასაწყისში გააგზავნა. თურქეთის სამხედრო ძალები ქალაქ მოსულის სიახლოვეს მდებარე თურქულ ბაზაზე განლაგდნენ. ერაყის ხელისუფლებამ ანკარა ქვეყნის სუვერენიტეტის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა და ერაყის ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანა მოსთხოვა.
ანკარაში კი განაცხადეს, რომ თურქი ინსტრუქტორები ერაყელ ქურთებს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლისთვის წვრთნიან.
გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ერაყიდან სამხედროების გაყვანას არ აპირებს.