შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, მან პროკურატურაში კონკრეტული სახელებისა და გვარების შესახებ ისაუბრა. გუშინ, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ზვიად ქორიძემ საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა ადვოკატთან ერთად დატოვა.
"ჩვენ ბუნებრივია კონკრეტულ ფაქტებზე, სახელებსა და გვარებზე ვისაუბრეთ. ზეწოლის ფაქტები ჩემთან დაკავშირებით არ ყოფილა, მაგრამ იმ ფაქტებზე, რაზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობდა, არაჯანსაღი ინტერესი შემდეგაც გაგრძელდებოდა. ბუნებრივია, მე მქონდა გარკვეული ინფორმაცია და შემეძლო ეს ინფორმაცია გამოძიებისთვის მიმეწოდებინა. სწორედ ამაზე მქონდა საუბარი", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
მისივე თქმით, მან გამოძიებას პარლამენტის დეპუტატებზე, საჯარო პირებსა და ადვოკატების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. აღნიშნულის საფუძველი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა, რომლის ინფორმაციითაც, "ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომაროების პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში თავად ალეკო ელისაშვილიც დაკითხეს.