ოთხჯერ ესროლა ნოდარ ხადურმა სამიზნეს საბიუჯეტო პროგნოზი და ოთხჯერვე ააცილა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა გააკეთა.
"ვერც ერთი პროგნოზი, რომელიც ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით პარლამენტში იქნა შემოტანილი, ვერ გამართლდა. 2013 წელს ვერ გამართლდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და ბიუჯეტი 700 მილიონით გაირღვა. 2014 წელს საქართველო არჩევნის წინაშე იყო - ბიუჯეტი ფურცელზე შესრულებულიყო, თუ ლარს აეღო დამატებითი ტვირთი – თქვენ მეორე გზა აირჩიეთ და ლარის გაუფასურება დაიწყო. პროგნოზი ვერც 2015 წელს გამართლდა, როცა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა ორჯერ მოგიწიათ - მათ შორის იმ ნაქები პროექტების შემცირების კუთხით, რომელიც წინა წლის დეკემბერში დიდის ამბით წარუდგინეთ პარლამენტს", - მიმართა ფინანსთა მინისტრს ზურაბ მელიქიშვილმა.
ამასთან, მელიქიშვილის თქმით, 2012 წელს 8 მილირდიანი ბიუჯეტი 4 მილიარდ 800 მილიონი დოლარი იყო, ხოლო ახლა 10 მილიარდის ოდენობით წარდგენილი ბიუჯეტი არის 4 მილიარდ 100 მილიონი დოლარი, ანუ სხვაობა 700 მილიონი დოლარით ნაკლებია.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროქტის განხილვა მიმდინარეობს. საბიუჯეტო პროექტი დეპუტატებს ნოდარ ხადურმა წარუდგინა.