საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში პრობაციონერებისთვის დაწესებული გადასახადი უქმდება

საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში პრობაციონერებისთვის დაწესებული გადასახადი უქმდება

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებები შედის, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა წარადგინა.

ცვლილებების თანხმად, უქმდება პრობაციონერებისთვის დაწესებული გარკვეული გადასახადი. კერძოდ, მათ აღარ მოუწევთ თანხის გადახდა იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლიან საცხოვრებელ ადგილს. აქამდე პრობაციონერის მიერ გადასახდელი თანხა საცხოვრებელი ადგილის ერთ თვემდე ვადით შეცვლის შემთხვევაში 20 ლარს, ხოლო სამ თვემდე ვადით შეცვლის შემთხვევაში, 50 ლარს შეადგენდა. 

გარდა ამისა, შეთავაზებული ცვლილებებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც დარჩენილი სასჯელი შეეცვალებათ უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - თავისუფლების შეზღუდვით, უფლება ექნებათ თავად გამოცხადნენ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. კანონის არსებული რედაქციით კი, მათ გადაყვანას საბადრაგო სამსახური უზრუნველყოფს.

ამავე კანონპროექტის თანხმად, ფართოვდება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთან ხანმოკლე პაემანზე შეხვედრის უფლების მქონე პირთა წრე. თუ აქამდე მსჯავრდებულს უფლება ჰქონდა შეხვედროდა მხოლოდ მშობელს, მშვილებელს, შვილს, ნაშვილებს, მეუღლეს, დას და ძმას, ეს წრე მნიშვნელოვნადაა გაფართოებული. გარდა ამისა, დაწესებულების უფროსის ნებართვით და წახალისების მიზნით, მსჯავრდებულს შესაძლოა, ხანმოკლე პაემანზე ნებისმიერ პირთან შეხვედრის უფლება მიეცეს.

ასევე, ერთი თვიდან, სამ სამუშაო დღემდე მცირდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებიდან სასამართლოში შესული წარდგინების განხილვის ვადა. ასევე, კანონპროექტით უმჯობესდება პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი და პირობები. კერძოდ, კანონპროექტში დეტალურად გაიწერა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების მიზნები, წესი, პირობები, დამუშავების უფლებამოსილების მქონე პირთა წრე, მონაცემების შენახვისა და განადგურების წესი.